UI/UX დიზაინერი - ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს
ვინ არის UI/UX დიზაინერი?
უპირველეს ყოვლისა, უნდა განვმარტოთ თავად ეს აბრევიატურა. UI ანუ (User Interface-) პასუხს აგებს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება პროდუქტი, როგორ გრძნობს მას მომხამრებელი. ეს პროდუქტის ვიზუალური ენაა. მომხმარებლები მისი მეშვეობით ურთიერთობენ და ის ყველასთვის მარტივად გასაგები და ესთეტიური უნდა იყოს.
UX ანუ (User Experience) ეს არის მომხმარებლის გამოცდილება პროდუქტთან ან სერვისთან ურთიერთობისას. მოიცავს უამრავ დეტალს პირველადი შთაბეჭდილებიდან დაწყებული, დასასრულამდე - მარტივი, პოზიტიური და ეფექტური უნდა იყოს.
ცხელი ყავის არომატის ფონზე, ელექტრონული ფოსტის შემოწმების შემდეგ, დიზაინერი თავის კოლეგებთან ერთად, შესასრულებელი სამუშაოების სიას ადგენს დააა „ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!“ ცოცხალი, შემოქმედებითი, დატვირთული და გამოწვევებით სავსე დღეც იწყება!
პირველ რიგში
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია UI/UX დიზაინერის ჯანსაღი კომუნიკაციის უნარი სამუშაო გუნდთან. აუცილებელია სწორი ფორმით გაცვალოთ იდეები, რაც საერთო ჯამში, დავალების/პროექტის წარმატებას განსაზღვრავს. ისეთი მუდმივად განახლებადი პროფესია, როგორიც დიზაინია, მოითხოვს ღია კომუნიკაციის უნარებს. მზად უნდა იყოთ, რათა მიიღოთ და გასცეთ სხვადასხვა მოსაზრებები. UI/UX დიზაინერი დეველოპერთან ურთიერთთნამშრომლობით მის შემოქმედებით ხედვებს შეუფერხებლად გარდაქმნის ეფექტურ პროდუქტად. ზოგჯერ, ასე არ ხდება და ხშირად საწინააღმდეგო აზრებიც იჩენს თავს, თუმცა ჯანსაღი კრიტიკა ხომ სამუშაო პროცესის არსებითი ნაწილია?!
რა ხელსაწყოებია საჭირო?
UI/UX დიზაინერის დღე წარმოუდგენელია ძირითადი სამუშაო პროგრამების გარეშე: Figma, Sketch, Zeplin ან Adobe XD, Wireframe. თითოეული პროექტის ე.წ. ჩონჩხი და პროტოტიპები აქ იქმნება. თითოეული დავალება, ძალიან კარგი, შესაძლებლობაა დიზაინერებისთვის, გამოიყენონ მათი უნარ-ჩვევები ინტუიტიური მომხმარებლების ინტერფეისების შესაქმნელად, რაც საბოლოო შედეგის სახით მომხამრებლის საერთო გამოცდილებას აძლიერებს.
უნარები და ჩვევები
ლანჩის შესვენებისა და ალბათ, მეორე ჭიქა ყავის შემდეგ, UI/UX დიზაინერი კვლავ უბრუნდება სამუშაო მაგიდას და სუფთა გონებით ანახლებს დავალებებზე მუშაობას. უნდა გაითავისოთ, რომ თქვენი პროფესია კრეატიული და ცოცხალია და იდეებს სჭირდებათ უსაზღვრო გასაქანი.
გარდა იმ პროგრამებისა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, თუ თქვენ გსურთ გახდეთ გამოცდილი და მოთხოვნადი კადრი აუცილებლად უნდა შეისწავლოთ დიზაინის სხვა კონცეფციები, მათ შორის ფერთა თეორია და ტოპოგრაფია, ასევე ინფორმაციის არქიტექტურა. ნუ დაგავიწყდებათ, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ოფისში მუშაობთ თუ დისტანციურად, ყველაზე ღირებული უნარი გუნდური მუშაობა და თანამშრომლებთან ემპათიური კომუნიკაციაა. სამუშაო დღის განმავლობაში განსხვავებული მოსაზრების მქონე ბევრ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა და მას თავი წარმატებით უნდა გაართვათ.
და მაინც
როგორია UI/UX დიზაინერის ერთი სამუშაო დღე?
კრეატიულობის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრის, სიახლეებისა და გამოწვევების სასიამოვნო ნაზავი. პროფესიონალი დიზაინერი ყოველთვის ხედავს მომხმარებელს, ესმის მისი და ელოდება მათ საჭიროებებს, რათა სწორედ მათზე მორგებული პროდუქტი/სერვისი შექმნას.
რას იტყვით? მზად ხართ შეუერთდეთ მათ?